ტექინსპექტირებისთვის მომზადება - მოთხოვნები და წესები

საქართველოში პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების რეფორმის ამოქმედების დღიდან ავტომფლობელებისთვის აქტუალურ საკითხად რჩება ინსპექტირების პროცესის დეტალების ცოდნა — რა მოწმდება ავტომობილის ისპექტირებისას, რომელ ტექნიკურ ელემენტებს ექცევა განსაკუთრებული ყურადღება და რა საკითხები უნდა გაითვალისწინოს მფლობელმა ინსპექტირების ცენტრში მისვლამდე. ამ გზამკვლევში სწორედ იმ ძირითად საკითხებს განვიხილავთ, რომელთა წინასწარი გადამოწმებაც დაგეხმარებათ ავტომობილი უკეთ მოამზადოთ ტექინსპექტირებისთვის.

როგორ მიმდინარეობს პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება?

პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება ხორციელდება აკრედიტირებულ ინსპექტირების ცენტრებში და მიზნად ისახავს ავტოსატრანსპორტო საშუალების ტექნიკური მდგომარეობის შეფასებას საგზაო უსაფრთხოებისა და გარემოსდაცვითი მოთხოვნების შესაბამისად. ინსპექტირების პროცესი რეგულირდება საქართველოს მთავრობის დადგენილი ტექნიკური რეგლამენტების (№510, №511 და №37) შესაბამისად, რომლებიც განსაზღვრავს როგორც ინსპექტირების ჩატარების წესსა და პირობებს, ასევე იმ ტექნიკურ მოთხოვნებს, რომლებსაც ავტოსატრანსპორტო საშუალება უნდა აკმაყოფილებდეს. აღნიშნული რეგლამენტების საფუძველზე, ყველა აკრედიტირებულ ინსპექტირების ცენტრში შემოწმება ერთიანი სტანდარტით ხორციელდება, რაც უზრუნველყოფს შეფასების ობიექტურობას, გამჭვირვალობასა და ერთგვაროვან მიდგომას. ინსპექტირების პროცესში ავტოსატრანსპორტო საშუალება მოწმდება როგორც ვიზუალური დათვალიერების (ორგანოლეპტიკურად), ისე სპეციალური გამზომი ხელსაწყოების გამოყენებით. შემოწმებისას ფასდება ავტომობილის შემდეგი ძირითადი კომპონენტები:

  • სამუხრუჭო აღჭურვილობა; 
  • საჭით მართვის სისტემა; 
  • ხილვადობა - საქარე მინა და მინის საწმენდი სისტემა;
  • ფარები, შუქამრეკლები და ელექტრომოწყობილობა; 
  • ღერძები, თვლები, საბურავები და საჭით მართვის სისტემა; 
  • შასი და მისი შემადგენლ ნაწილები; 
  • სხვა მოწყობილობები - უსაფრთხოების ღვედები და ა.შ;
  • უარყოფითი ზემოქმედება (გამონაბოლქვი);

თითოეული ელემენტი ფასდება მოქმედი ტექნიკური მოთხოვნების შესაბამისად, რის საფუძველზეც განისაზღვრება ავტომობილის შესაბამისობა პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების მოთხოვნებთან.

რატომ არის მნიშვნელოვანი ტექინსპექტირებისთვის წინასწარ მომზადება?

ტექინსპექტირებამდე ავტომობილის წინასწარი შემოწმება საშუალებას გაძლევთ უკეთ გაიგოთ მისი ტექნიკური მდგომარეობა და ყურადღება მიაქციოთ ისეთ დეტალებს, რომლებიც ყოველდღიური გადაადგილებისას შესაძლოა შეუმჩნეველი დარჩეს. წინასწარი მომზადება არ ცვლის პროფესიულ დიაგნოსტიკას, თუმცა მარტივი ვიზუალური შემოწმებით შესაძლებელია ისეთი საკითხების აღმოჩენა, რომლებიც დამატებით ყურადღებას საჭიროებს.
ავტომობილის წინასწარი გადამოწმება დაგეხმარებათ: 

  • უკეთ მოემზადოთ ინსპექტირების პროცესისთვის;
  • დროულად აღმოაჩინოთ შესაძლო გაუმართაობები;
  • დაზოგოთ დრო და თავიდან აიცილოთ განმეორებითი ვიზიტის საჭიროება; 
  • დარწმუნდეთ, რომ ავტომობილი უსაფრთხო მდგომარეობაშია.


რა უნდა შეამოწმოთ ტექინსპექტირებამდე?

ტექინსპექტირების ცენტრში ავტომობილის წარდგენამდე სასურველია რამდენიმე მნიშვნელოვანი დეტალის წინასწარ გადამოწმება,ავტომობილი უნდა იყოს სუფთა მდგომარეობაში — მათ შორის ძარის გარე ზედაპირი, ძრავის განყოფილება და ავტომობილის ქვედა ნაწილი. ეს პირობა აუცილებელია, ვინაიდან გარეგანი დაბინძურება ხელს უშლის ისეთი ელემენტების ვიზუალური შემოწმებას, როგორებიცაა სატრანსპორტო საშუალების საიდენტიფიკაციო ნომერი (VIN), სითხეების გაჟონვის კვალი და სხვა ტექნიკური კომპონენტები.

საბურავების მდგომარეობა

საბურავები ავტომობილის უსაფრთხოების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ელემენტია, რადგან ისინი პირდაპირ გავლენას ახდენს გზასთან მოჭიდებასა და ავტომობილის მართვის სტაბილურობაზე.

ყურადღება მიაქციეცით: 

  • საბურავის გამოშვების თარიღს (DOT მარკირება) - საბურავის ასაკი არ უნდა აღემატებოდეს 10 წელს. წარმოების თარიღი მითითებულია საბურავზე DOT მარკირების სახით, სადაც ბოლო ოთხი ციფრი აღნიშნავს წარმოების კვირასა და წელს.
  • პროტექტორის სიღრმეს - პროტექტორის სიღრმე უნდა შეესაბამებოდეს დადგენილ მინიმალურ მოთხოვნებს: 
     M1 და N1 კატეგორიის ავტომობილები — არანაკლებ 1.6 მმ; 
     M2 და M3 კატეგორიის ავტომობილები — არანაკლებ 2.0 მმ;
     N2 და N3 კატეგორიის ავტომობილები — არანაკლებ 1.0 მმ
  • საბურავის საერთო მდგომარეობას - საბურავს არ უნდა აღენიშნებოდეს:ვიზუალური დაზიანებები, გამობერილები, კარკასის დაზიანება - სხვა თვალსაჩინო დეფექტები.
  • ერთ ღერძზე განთავსებული საბურავები უნდა იყოს ერთი და იმავე ზომის, კონსტრუქციისა და პროტექტორის ნახატის მქონე.
  • ყველა თვალზე უნდა ეყენოს ჭანჭიკები;

ფარები, შუქამრეკლები და ელექტრომოწყობილობა;

განათების სისტემა ავტომობილის უსაფრთხოების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია, რადგან უზრუნველყოფს როგორც მძღოლის სათანადო ხილვადობას, ისე გზის სხვა მონაწილეებისთვის ავტომობილის დროულად აღქმას. ტექინსპექტირებამდე გადაამოწმეთ ყველა გარე განათების მოწყობილობის გამართულობა, მათ შორის: 

  • ახლო და შორი განათების ფარები;
  •  წინა და უკანა გაბარიტული მაშუქები; 
  • მოხვევის მაჩვენებლები (ციმციმები); 
  • სამუხრუჭე მაშუქები (სტოპ სიგნალი); 
  • უკუსვლის მაშუქები; ნისლსაწინააღმდეგო მაშუქები (არსებობის შემთხვევაში);
  •  სანომრე ნიშნის განათება;
  • შუქამრეკლები.

განათების მოწყობილობებს არ უნდა ჰქონდეს ვიზუალური დაზიანება, ბზარები ან დარღვეული ჰერმეტულობა. ასევე, მათი მუშაობა უნდა შეესაბამებოდეს ავტომობილის კონსტრუქციულ მოთხოვნებს. ყურადღება მიაქციეთ, რომ ფარების სხივის მიმართულება და დახრის კუთხე იყოს სწორად რეგულირებული, რათა უზრუნველყოფილი იყოს გზის სათანადო განათება და არ მოხდეს შემხვედრი მძღოლის მხედველობაზე ზემოქმედება.

საქარე მინა, მინის საწმენდები და მრეცხები:

კარგი ხილვადობა უსაფრთხო გადაადგილების ერთ-ერთი მთავარი პირობაა, ამიტომ ტექინსპექტირებისას განსაკუთრებული ყურადღება ექცევა საქარე მინის, მინის საწმენდებისა და მრეცხების გამართულ მუშაობას.

ტექინსპექტირებამდე გადაამოწმეთ: 

  • საქარე მინაზე ხომ არ არის ბზარი ან სხვა დაზიანება მინის საწმენდების მოქმედების არეში; 
  • მინის საწმენდები მუშაობს თუ არა გამართულად და უზრუნველყოფს თუ არა საქარე მინის ეფექტურად გაწმენდას; 
  • მინის მრეცხების სისტემა მუშაობს თუ არა გამართულად, აქვს თუ არა ავზში საკმარისი რაოდენობის სითხე და ასხურებს თუ არა სითხეს საქარე მინაზე ისე, როგორც ეს ავტომობილის კონსტრუქციით არის გათვალისწინებუ
  • საქარე მინის ზედა ნაწილში დამაგრებული მზისგან დამცავი ფირის (არსებობის შემთხვევაში) სიმაღლე არ უნდა აღემატებოდეს 14 სმ-ს.

 

გაითვალისწინეთ, რომ თუ მინის მრეცხავის ტუმბო მუშაობს, მაგრამ ავზში სითხე არ არის, ეს უმნიშვნელო ხარვეზად ფასდება. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ მინის საწმენდები ან მრეცხავის სისტემა არ მუშაობს, ეს შეიძლება მნიშვნელოვანი ხარვეზის საფუძველი გახდეს.

 

უსაფრთხოების ღვედები:

ყველა უსაფრთხოების ღვედი უნდა იკეტებოდეს და იხსნებოდეს შეფერხების გარეშე. ღვედებს არ უნდა ჰქონდეს დაზიანება, რომელიც ხელს უშლის მათ ფუნქციონირებას.

 

კარები და საკეტები


ავტომობილის ყველა კარი უნდა იღებოდეს და იკეტებოდეს შეფერხების გარეშე, რათა უზრუნველყოფილი იყოს მგზავრების უსაფრთხოდ ჩასხდომა, გადმოსვლა და საჭიროების შემთხვევაში ავტომობილის სწრაფად დატოვება.

 ტექინსპექტირებამდე გადაამოწმეთ: 

  • ყველა კარის თავისუფლად გაღება და დახურვა; 
  • კარის საკეტებისა და სახელურების გამართული მუშაობა; 
  • კარის დამჭერი მექანიზმების გამართულობა; 
  • საბარგულისა და ძრავის საფარის (კაპოტის) საკეტების გამართული ფუნქციონირება.

სამუხრუჭე სისტემა:

პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ფარგლებში სამუხრუჭე სისტემის შეფასება ხორციელდება სპეციალური გამზომი ხელსაწყოების გამოყენებით, რომელთა საშუალებითაც განისაზღვრება მუშა და სადგომი მუხრუჭების ეფექტურობა, მოწმდება დამუხრუჭების ძალის თანაბარი განაწილება და ფასდება სამუხრუჭე სისტემის საერთო ტექნიკური მდგომარეობა და გამართულობა.

გამაფრთხილებელი ინდიკატორები:

ავტომობილის დაქოქვის შემდეგ ყურადღება მიაქციეთ ხელსაწყოების დაფაზე არსებულ ინდიკატორებს. მუდმივად ანთებული გამაფრთხილებელი ნიშნები, მაგალითად ABS-ის ან უსაფრთხოების ბალიშის (Airbag/SRS) ინდიკატორი, შესაძლოა მიუთითებდეს სისტემის გაუმართაობაზე.ტექნიკური მდგომარეობა და გამართულობა.

შასი და შემადგენელი ნაწილები:


შემოწმებისას ფასდება:

  • ბამპერისა და ბამპერზე არსებული ცხაურის არსებობა და ვიზუალური მდგომარეობა; 
  • სავარძლების საიმედო დამაგრება და მათი ვიზუალური მდგომარეობა; 
  • სავარძლების თავის საყრდენების არსებობა; 
  • შასისა და ძარის ელემენტებზე კოროზია.

საჭის მართვა და დაკიდების სისტემა:

 ყურადღება მიაქციეთ:

  •  საჭის ზედმეტ თავისუფალ სვლას; 
  • მოძრაობისას უცხო ხმებს; 
  • ავტომობილის არასტაბილურ მართვას; 
  • დაკიდების სისტემის უჩვეულო ხმებს.

გამონაბოლქვი, ხილული კვამლი და საწვავის სისტემა:

ტექინსპექტირებისას ყურადღება ექცევა ავტომობილის გამონაბოლქვის სისტემის მდგომარეობასა და გარემოსდაცვით მაჩვენებლებს. ინსპექტირებამდე სასურველია ყურადღება მიაქციოთ, ხომ არ შეინიშნება ავტომობილის მუშაობისას ჭარბი ან უჩვეულო ხილული კვამლი. მისი არსებობა შესაძლოა მიუთითებდეს ძრავის ან გამონაბოლქვის სისტემის გაუმართაობაზე და საჭიროებდეს დამატებით შემოწმებას.

სითხეების გაჟონვა:

ვიზუალურად შეამოწმეთ ავტომობილის ძრავის განყოფილება და ქვედა ნაწილი. არ უნდა შეინიშნებოდეს:

  •  ძრავის ზეთის გაჟონვა; 
  • საწვავის გაჟონვა; 
  • სხვა ტექნიკური სითხეების გაჟონვის ნიშნები.

სანომრე ნიშნები და VIN კოდი:

ავტომობილის ინსპექტირებისას აუცილებელია მისი იდენტიფიკაციის შესაძლებლობა, ამიტომ ყურადღება მიაქციეთ, რომ: 

  • სანომრე ნიშნები იყოს სუფთა და მკაფიოდ იკითხებოდეს;
  •  ორივე სანომრე ნიშანი იყოს სათანადოდ დამაგრებული; 
  • ნომრები არ იყოს დაფარული რაიმე ნივთით ან მოწყობილობით; 
  • VIN კოდი იყოს ხილული და იდენტიფიცირებადი.

სარკეები და ხმოვანი სიგნალი: 

გადაამოწმეთ, რომ ყველა სარკე იყოს მყარად დამაგრებული, არ ჰქონდეს ბზარები ან ისეთი დაზიანება, რომელიც ზღუდავს ხილვადობას. ასევე დარწმუნდით, რომ ხმოვანი სიგნალი მუშაობს გამართულად.

რა არ მოიცავს ტექინსპექტირება?

პერიოდული ტექნიკური ინსპექტირებისას არ მოწმდება ავტომობილის ფერი ან შეღებვის შედეგად ძარის ცალკეული ელემენტების განსხვავებული შეფერილობა. 

მნიშვნელოვანია იცოდეთ, რომ ინსპექტირების ცენტრი არ ახორციელებს ავტომობილის შეკეთებას, რეგულირებას ან ტექნიკურ მომსახურებას. ინსპექტორის ფუნქციაა ავტომობილის ტექნიკური მდგომარეობის შეფასება მოქმედი მოთხოვნების შესაბამისად და გამოვლენილი ხარვეზების დაფიქსირება. 

თუ ინსპექტირებისას გამოვლინდა ხარვეზი, ავტომფლობელს გადაეცემა შესაბამისი დოკუმენტი ავტომობილის მდგომარეობისა და შემდგომი მოქმედებების შესახებ;


 

 

 

PTI.GE